თელავის მერიამ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობის პროგრამა დაიწყო. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
როგორც თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა თქვა, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ძაღლებს სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანს.
“თელავის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი მომსახურების გაწევის“ შესახებ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ოფიციალურად დაიწყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. მისი ვალდებულებაა, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლები უმტკივნეულო მეთოდით ტერიტორიიდან გაიყვანოს, თავშესაფარში განათავსოს და სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. აღნიშნული პრობლემა თელავის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში წარმოადგენდა ერთ-ერთ მწვავე საკითხს, რომლის მოსაგვარებლად თანამედროვე ცივილური მეთოდები პირველად გამოიყენება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიება არ არის ერთჯერადი ხასიათის და იგი გაგრძელდება პრობლემის სრულ მოგვარებამდე”, – თქვა შოთა ნარეკლიშვილმა.