ოზურგეთის მერიასთან ნაციონალური მოძრაობა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესებენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეებს სამი მოთხოვნა აქვთ: საქმის დროული გამოძიება, ინციდენტში მონაწილე პირების პასუხისგებაში მიცემა და ინციდენტში მონაწილე “ქართული ოცნების” წევრებისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა.
ოზურგეთის მერიის შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვარშალომიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები იმყოფებიან. მერიის შენობასთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
თავად ბესო ქათამაძის ინფორმაციით, მას ადმინისტრაციულ შენობაში “ქართული ოცნების” წევრები, მათ შორის, ტარიელ აროშიძე, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ოზურგეთში მომხდარ ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლის პირველი მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე ოზურგეთის საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან”, ტარიელ აროშიძეს ბრალი 16 ივნისს წარედგინა. ოზურგეთის სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრს, ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
“ნაციონალური მოძრაობა” მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქათამაძე არა ერთმა, არამედ “ოცნების” მინიმუმ 5 დეპუტატმა სცემა.