აჭარაში შესაძლოა რამდენიმე ახალი სამინისტრო შეიქმნას – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობა” საუბრობს. პარტიის წევრებმა მთავრობის სახლთან აქცია პერფომანსი გამართეს. ოპოზიცია დამატებითი სამინისტროს შექმნას, დამატებით ხარჯებს და ბიუროკრატიას უკავშირებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
“ჩვენი ინფორმაციით იქმნება ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, ასევე საუბარია ეკომიგრანტების მიმართულებით კიდევ ერთი დამატებით სამინისტროს შექმნაზე. ეს არის ფაროსნების შემოსევა “ქართული ოცნების” მხრიდან სახელწიფო ბიუჯეტზე,”- განაცხადა რეზო ხარაზმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მთავრობის სახლთან ყავა და ბორჯომი დატოვეს.
ახალი სამინისტროს შექმნის უფლებას აჭარის მთავრობას კონსტიტუციის ახალი რედაქცია აძლევს. მთავრობას სამინისტროს შექმნის საკითხის შეთანხმება არა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ ინიციატივით, უმაღლეს საბჭოსთან მოუწევს.
აჭარის მთავრობაში ახალი სამინისტროს შექმნას ამ ეტაპზე არ ადასტურებენ. როგორც მთავრობის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტარტამენტის უფროსმა ოთარ დიასამიძემ განმარტა, სამინისტროების შექმნის შესაძლებლობას ახალი კონსტიტუცია იძლევა. ის არ გამორიცხავს ამ საკითხზე პოლიტიკურ გუნდში მსჯელობდნენ.
“გადაწყვეტილება სამინისტოების შექმნის შესახებ მიღებული არ არის, შესაბამისად განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ახალ კონსტიტუციას, ის იძლევა შესაძლებლობას სხვა სფეროებში სამინისტროები შეიქმნას. თუმცა მოცემულ ეტაპზე შესაძლოა მხოლოდ მსჯელობის საგანი იყო”, – განაცხადა ოთარ დიასამიძემ.