ჩვენ გვინდა, რომ ორი ახალი საქალაქო პარკი გავაშენოთ და ამ მიზნით ვიწყებთ კვლევებს დიღმის ჭალებსა და ე.წ. თემქის ხევში. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძემ თქვა, რომ იწყება მუშაობა თემქის ხევში მდინარის მონაკვეთის გახსნის პოტენციალის შესასწავლად და როგორც მან დასძინა, ეს ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
დიღმის ჭალებში სარეკრეაციო ზონის მოწყობას წინა მერი დავით ნარმანიაც გეგმავდა. 2015 წლის 25 მაისს გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მაშინდელ მერს დავით ნარმანიას არქიტექტურის სამსახურის მაშინდელი უფროსის მოადგილემ ოთარ ნემსაძემ დიღმის ჭალებში იმ ტერიტორიაზე წარუდგინა, სადაც 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა.