კახეთის ქალაქებსა და სოფლებში მოსახლეობა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვს

768

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის მაცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და სანიაღვრე არხების მოწესრიგება მოითხოვეს.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ სოფელში ცენტრალურ გზაზე სადაც ასფალტის დაგება მიმდინარეობს, არ არსებობს სანიაღვრე არხები.

ადგილობრივების თქმით, თუ სანიაღვრე არხები არ გაკეთდება, წყალი ვერ გაივლის  და ახლადდაგებული გზა დაზიანდება.

იგივე პრობლემა აწუხებთ რეგიონის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში. ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში მოსახლეობა სისტემის სრულ რეაბილიტაციას წლებია ითხოვს.

მოსახლეობა ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. ადგილობრივები  ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ და ამბობენ, რომ პრობლემების მოგვარება ახლო მომავალში უნდა დაიწყოს.

–  “სანიაღვრე სისტემა გაუმართავია, წვიმის დროს სახლების პირველი სართულები გვეტბორება. ხელისუფლებამ ხეობაში ამ პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს. ალაზნის ხეობის ნაპირგამაგრებაც აუცილებელია. სხვა ბევრი პრობლემაა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ეს საკითხები უნდა მოგვარდეს”, – განაცხადა  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელმა თემო რეხვიაშვილმა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში მოსახლეობა იგივე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ გარდა სანიაღვრე არხებისა, იორმუღანლოს თემში უამრვი სხვა პრობლემაცაა.

– “მოსაწყობია შიდასაუბნო გზები,  პრობლემები გვაქვს  სასმელ წყალთან და საძოვრებთან დაკავშირებით და ა.შ. სანიაღვრე არხების მოწყობასაც და სხვა პრობლემების მოგვარებასაც მხოლოდ არჩევნების წინ  გვპირდებიან.  ჩაივლის არჩევნები და არაფერი ხდება”, – ამბობს იორმუღანლოში მცხოვრებმა აჯი ასანოვმა.

მოსახლეობა, სწორედ, გაუმართავ სანიაღვრე არხებს უკავშირებს უხვი ნალექის დროს სოფლებში საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განადგურებას.

,,მომეტებული წვიმის დროს სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო წყალი სახლში გვივარდება, გვეტბორება პირველი სართულები, გვეხოცება ფრინველი და გვინადგურდება სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ერთხელ ხომ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იყო ამ პრობლემის თავიდან აცილება”, – განაცხადა  ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ნაზი ბაიარამაშვილმა.

წყარო: კახეთის ხმა