გუშინდელი ძლიერი წვიმის შედეგად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მიწის მასა ჩამოწვა. რის გამოც, სოფელ ახალდაბას წყალმომარაგება შეეზღუდა. მიწის ჩამოტანის შედეგად „GWP-ს“ მილი დაზიანდა. ამ დროისთვის ადგილზე წყალმომარაგების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
როგორც GWP-ის ოპერაციების მართვის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზურაბ ალფაიძემ განაცხადა, სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ეს მონაკვეთი სრულად შეიცვლება.
„მეწყერმა ახალდაბის მაგისტრალური წყალმომარაგების ქსელი დააზიანა, რის გამოც წყალმომარაგება დროებით შეეზღუდა ახალდაბის მოსახლეობას. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და აღნიშნული მონაკვეთი სრულად შეიცვლება ახლით. როგორც კი დასრულდება სამუშაოები მაშინვე აღუდგება წყალმომარაგება მოსახლეობას. წყალმომარაგება აქვს შეზღუდული მხოლოდ ახალდაბას, სხვა ყველას მიეწოდება წყალი“, – განაცხადა ზურაბ ალფაიძემ და აღნიშნა, რომ წყალმომარაგება ღამით, მაქსიმუმ ხვალ დილით აღდგება.