ახალგორის ბაღებიდან თანამშრომლები ოსურისა და რუსულის არცოდნის გამო გაათავისუფლეს

788

ოკუპირებული ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია ახალგორის ორი საბავშვო ბაღის თითქმის ყველა პადაგოგი და დამლაგებელიც კი. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ოსური და რუსული ენის არცოდნაა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი დე ფაქტო რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ქართული ენის შეზღუდვისა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული ოჯახების განდევნის მცდელობად აფასებს.

„სამწუხაროა, რა ნაბიჯებსაც დგამს თვითგამოცხადებული რეჟიმი. ეს მიმართულია ახალგორში ქართული ენის შეზღუდვისკენ და იმისთვის კეთდება, რომ ქართულმა ოჯახებმა დატოვონ ახალგორი. ორი ბაგა-ბაღი იყო იქ და ქართულენოვანი საბავშვო ბაღი რამდენიმე თვის წინ გააუქმეს. ახლა ბაღში სულ 40-მდე აღსაზრდელი იქნება და ამ ბავშვებმა ქართული ენის გარდა არ იციან სხვა ენა. უკრძალავენ პედაგოგებს ბავშვებთან ქართულ ენაზე საუბარს. არც პედაგოგები არიან სათანადოდ მომზადებული. სკოლების შემდეგ ქართული ენის, ეს უკვე საბავშვო ბაღებში შეზღუდვის მცდელობაა“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.