საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის პროექტირება ივნისის ბოლოს დასრულდება, მშენებლობა კი 2019 წლის იანვარში დაიწყება. რიკოთის უღელტეხილზე მოეწყობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 52 კმ-იანი სიგრძის გზა, 96 ხიდი (საერთო სიგრძით 21 კმ) და 53 გვირაბი (საერთო სიგრძით 36 კმ).
პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, 2021 წელს დასრულდება.
უკვე ცნობილია, რომ ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს, ხოლო ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობის დაფინანსება ევროპის საინვესტიციო ბანკმა საკუთარ თავზე აიღო.
ამ დროისთვის კი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს.
მაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც რიკოთის გვირაბამდე მივა, 21 ხიდი და 5 გვირაბი მოეწყობა. პროექტის ჯამური ღირებულება კი 200 მილიონი აშშ დოლარია.