ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიაში მდებარე ეკლესიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
მერენიას ტაძარი X საუკუნით თარიღდება. კომპლექსი მოიცავს ეკლესიას, ნაგებობათა ნაშთებს და გალავანს. იგი მდებარეობს სოფელ მერენიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამსარის სოფლებისკენ მიმავალი გზის ნაპირზე.
ეკლესია ნაგებია დამუშავებული ყვითელი ქვის კვადრებით. დარბაზული ეკლესიაა ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით. მთავარ ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზეც გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია. აბსიდა ორმაგი მხრებითაა დარბაზისგან გამოყოფილი, კონქი კაპიტელებზე გადასულ თაღს ეყრდნობა. დარბაზის კამარა გრძივ კედლებზე გაკეთებულ ორსაფეხურიან წყვილ პილასტრზე გადასულ თაღს ეჭირა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. შუაშ ქვის ტრაპეზი დგას. ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარი ჩრდილოეთს მინაშენში გადის. მინაშენი მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში აქვს. ჩრდილოეთის პასტოფორიუმის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის წინაც ქვის ტრაპეზი დგას. სამხრეთის მინაშენი მთელ სიგრძეზე აქვს ეკლესიას. ის ორნაწილიანია: აღმოსავლეთით გამოყოფილი სამლოცველოა, რომელსაც ნახევარწრიული აბსიდი აქვს. მასში მოხვედრა დასავლეთ ნაწილში გაკეთებული შესასვლელით შეიძლებოდა. სამხრეთის მინაშენის დასაველეთი ნაწილი სამხრეთით სვეტზე დაყრდნობილი ორი თაღით იყო გახსნილი.
ტაძრის მორთულობას წარმოადგენდა ტაძრისა და სამხრეთი მინაშენის სარკმელთა საპირეები, რომლებიც გრეხილი ლილვით იყო მოჩარჩოებული და სრულდებოდა ჯვრის გამოსახულებით.
გალავანი დიდი ზომის ნატეხი ქვის მშრალი წყობითაა ნაგები. დასავლეთით მასში კარია გაკეთებული, რომელიც სამი დიდი ფილითაა გადახურული.
კომპლექსის სხვა ნაგებობებიდან მხოლოდ საძირკვლის კონტურები იკითხება. მათი დანიშნულების გარკვვევა ამჟამად, არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შეუძლებელია.