ზვიად ძიძიგური: თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე არც ერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა

838

თვითმმართველი ერთეულების გაუქმებაზე არც ერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, სადაც ის გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის გამოსვლას, რომლის თქმითაც, მიუღებელია ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის წართმევა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, 5 წელია სტაბილური ქვეყანა გვაქვს და 2012 წლის შემდეგ რყევები სხვადასხვა მიმართულებით, რომელმაც შეიძლება სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას, მინიმიზებულია.

“ეს არის ფაქტი. ჩვენ გთავაზობთ კონსტიტუციის ახალ პროექტს და კონსტიტუცია ამავე დროს არის პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი დოკუმენტი. მინდა ყველამ ასეთი კუთხითაც შევხედოთ ამ დოკუმენტს და არა მხოლოდ იურიდიულ-სამართლებრივი დაბალანსების კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ასეთი ტიპის განხილვა ეწყობა სამეგრელოში. განხილვის კარგი ფორმატია. მომწონს, რომ ოპოზიცია აქტიურად მონაწილეობს, აქტიურად მონაწილეობს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია”, – განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ საბოლოო ჯამში, აღნიშნული დოკუმენტი პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა მიიღოს.

ამასთან, ზვიად ძიძიგური თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ირაკლი აბესაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

“მინდა მას და მის კოლეგებს მივულოცო, რომ ძალიან გვიან, მაგრამ გათავისუფლდნენ იმ არაადეკვატური კაცის გავლენისგან, რომელიც არც არჩევნებს, არც პროპორციულ სისტემას, არც ხელისუფლების დაბალანსებას, არად დაგიდევდათ და დღეს ძალიან აქტიურად არიან ჩართულები განხილვაში და ეს ძალიან მომწონს. რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა, რომელმაც მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები შემოიტანა, რომელმაც საარჩევნო ბარიერი მაღალი დააწესა, რომელმაც საგადასახადო მიმართულებით გადადგა ნაბიჯები, რათა თვითმმართველობას ჰქონდეს თავისი დაფინანსება. რაც შეეხება თვითმმართველობის რეფორმას, ეს არის ცოცხალი რეფორმა, ევროპის ქვეყნებში დღესაც გრძელდება თვითმმართველობის რეფორმა. რაც შეეხება თვითმმართველი ერთეულების გაუქმებას, ამაზე არც ერთ დონეზე საუბარი არ ყოფილა, ეს უნდა გადაწყდეს პარლამენტში, პარლამენტში ეს თემა არ შემოსულა. საჯარო სივრცეში იყო საკითხები, რომლებიც განიხლებოდა და ამასთან დაკავშირებით ყველანი კომენტარებს ვაკეთებდით. თვითმმართველობის რეფორმა გაგრძელდება და გაგრძელდება მხოლოდ უკეთესი მიმართულებით, ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ”, – განაცხადა ძიძიგურმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი