ზუგდიდელმა უკეთესად იცის ადგილობრივი საკითხები, თბილისიდან ელემენტარულად ვერ დაინახავ იმ ქუჩას, სადაც ასფალტია დასაგები, იმ სკოლას, რომელიც გასარემონტებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე თვითმმართველობის რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“არა მარტო ზუგდიდთან, არამედ ყველა თვითმმართველ ქალაქთან დაკავშირებით ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ მაქსიმალური თვითმმართველობა და უფლებათა დელეგირება – ეს არის ერთი მხრივ, დემოკრატიული პროცესი და მეორე მხრივ, ჩემი აზრით, ძალიან ეფექტური პროცესი მართვის თვალსაზრისით. აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა – ბუნებრივია, ზუგდიდელმა უკეთესად იცის ადგილობრივი საკითხები, თბილისიდან ელემენტარულად ვერ დაინახავ იმ ქუჩას, სადაც ასფალტია დასაგები, იმ სკოლას, რომელიც გასარემონტებელია და ვერ დაინახავ ადგილობრივ პრობლემას. ან საერთოდ რატომ უნდა გინდოდეს, რომ შენ იყო ამაზე პასუხისმგებელი, როდესაც არსებობს ადგილობრივი ხელისუფლება. აქ არის ხოლმე არგუმენტი, რომ თითქოს ადგილობრივი მმართველობის დროს ადამიანებმა შეიძლება დაუშვან შეცდომები. რა თქმა უნდა, შეიძლება დაუშვან. ვინ შეიძლება, რომ შეცდომა არ დაუშვას. რა, ცენტრში არ არის დაშვებული შეცდომები?! მაგრამ თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ როდესაც შენ ადამიანს თავისუფლებას ანიჭებ, შენ აძლევს მას შეცდომის დაშვების უფლებასაც და ამ თვალსაზრისით თვითმმართველობის მაქსიმალური გაძლიერება არის ჩემი პრინციპული რწმენა. მგონია, რომ ასე უფრო კარგად იმართება ქვეყანა, ასე უფრო კარგად მუშაობს დემოკრატია, ხალხი უფრო გრძნობს კავშირს ხელისუფლებასთან”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი