კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 90-ზე მეტ ოჯახს ფართებს დიდ დიღომში გადასცემენ

712

წინა სტატია

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულებზე განცხადება გააკეთა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

მისი განცხადებით, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულების დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, დიდ დიღომში, ორი მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, რაზეც მერია ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

თბილისის მერის ინფორმაციით, ჯამში 3 500 ადამიანია დაზარალებული. ამ ეტაპზე კი, 90-ზე მეტი ოჯახის კომპენსირება მოხდება. ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა დაზარალებული ბინით დაკმაყოფილდება.

„დღეს მინდა მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოვადგინო და გადაწყვეტილება მივიღოთ კონკრეტულ ორ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე. ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონის 25-ე კორპუსის მიმდებარედ ორი მიწის ნაკვეთი, რომლებიც ჯამში დაახლოებით, ორი ჰექტარია და ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე, ამ ეტაპზე, შესაძლებელი გახდება დაახლოებით, 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება. ეს ის ოჯახებია, რომლებიც 90-იან წლებში სახელმწიფოს მიერ დაზარალდნენ და ეს ყველაფერი აღიარებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს მოუწოდა, წარმოდგენილი პროექტით დაინტერესდნენ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან კომუნიკაცია იქონიონ და ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა მიიღონ.

თბილისის მერმა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის დაწყებაზე 16 მაისის განაცხადა.