კალაძე: ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულთა პრობლემა 3-4 წელში სრულად მოგვარდება

760

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, 90-იან წლებში ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული ოჯახების პრობლემა სრულად მოგვარდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე თქვა, ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირებასთან დაკავშირებით, დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება და ჩემი მერობის პერიოდში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული. დაახლოებით 3500 ოჯახია, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. შემუშავებული წესის ფარგლებში მინდა დღევანდელ სხდომაზე განსახილველად წარმოვადგინო და გადაწყვეტილება მივიღოთ ორ კონკრეტულ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე. ეს მდებარეობებია დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის 25-ე კორპუსზე ორი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი დაახლოებიოთ ორი ჰექტარია. ჩვენი ეკონომიკური სამსახურის მიერ მომზადებული გაანგარიშების საფუძველზე შესაძლებელი გახდება დაახლოებით 90-ზე მეტი ოჯახის დაკმაყოფილება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 90-იან წლებში დაზარალდნენ სახელმწიფოს მიერ და ეს ყველაფერი აღიარებულია“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს პროექტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

“მინდა მოვუწოდო სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს, დაინტერესდნენ აღნიშნული პროექტით და იქონიონ კომუნიკაცია მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურთან, მონაწილეობა მიიღონ ჩვენს მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 90-ზე მეტი ოჯახი. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას შემდგომ პროექტებზე და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ ახალ პროექტებს. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია, რომ 3-4 წლის განმავლობაში მთლიანად მოვაგვაროთ და მოვაწესრიგოთ ეს პრობლემა, რათა ყველა ოჯახი და ყველა ადამიანი დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა მერმა.

თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით 16 მაისს განაცხადა.