ქალაქ გორში, თბილისის ქუჩაზე, ახლადდაგებულ ასფალტზე მიწიდან წყალი ამოვიდა. რის გამოც, კომპანიის წარმომადგენლებს თხრილის გაჭრა სამ ადგილზე დასჭირდათ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, როგორც გაირკვა, სასმელი წყლის მილი დაზიანდა.
,,ამჟამად, დაზიანებული მილი აღდგენილია და მიწაყრილი გაკეთებულია. ელოდებიან გრუნტის დაწევას. ამის შემდეგ, შეავსებენ ისევ ასფალტით.” – აღნიშნავენ მერიის პრეს-სამსახურში.
თბილისის ქუჩაზე მოასფალტების სამუშაოები კომპანია ,,იბოლიამ” შეასრულა – 450 000 ლარად. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2018 წლის 22 მარტს დაიწყო და უნდა დასრულდეს 30 ივნისს. ხოლო, დამატებით ერთ თვეში კი, ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
აღსანისნავია, რომ კომპანია ,,იბოლია” ეკუთვნის გორის მაჟორიტარ დეპუტატს, იოსებ მაკრახიძეს.
ასევე, გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ამასთან, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.
მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.