საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტი შეიქმნება

869

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი საგზაო უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“, „საქართველოს საავტომობილო ფედერაციის“ წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადგილობრივ დონეზე მართვის საკითხები განიხილეს და სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ირაკლი ქარსელაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთოების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ქარსელაძის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, დეპარტამენტი გეგმავს მოამზადოს ახალი კანონპროექტი საავტომობილო გზების შესახებ. მისივე განმარტებით, ეს დოკუმენტი დაარეგულირებს საავტომობილო გზების სტანდარტების ზოგად პრინციპებს, ასევე – ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შეიქმნება ერთიანი სტანდარტი საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართულებით. საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის შემუშავებისას, ყურადღება გამახვილდება საქალაქთაშორისო გზებზე უსაფრთხოების ნორმების გაუმჯობესებაზე. კანონპროექტის შემუშავებაში ჩაერთვებიან შესაბამისი უწყებები, დარგის სპეციალისტები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.