მომავალ კვირას სიღნაღში, კერძოდ წნორში, ტყლაპისა და ჩირის დამამზადებელი საწარმოს მშენებლობა დაიწყება, ამის შესახებ კომპანია “ბადაგის+” -ის დამფუძნებელმა, ვახტანგ ყაჯრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, საწარმოს მშენებლობა ერთ წელში დასრულდება და პროდუქციის წარმოებას დაიწყებს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, ჩირი და ტყლაპი ადგილობრივი ხილისგან დამზადდება, რასაც მოსახლეობისაგან და ფერმერებისგან ჩაიბარებენ. საწარმოს სეზონზე დღეში 5 ტონა ხილის გადამუშავების შესაძლებლობა ექნება. საწყის ეტაპზე ტყლაპს და ჩირს ხუთი სახეობის ხილისგან დაამზადებენ, კერძოდ, ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავისა და ლეღვისგან.
პროდუქცია თავდაპირველად ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. მისი გასაყიდი ფასი (კილოგრამის), როგორც ტყლაპის, ასევე ჩირის შემთხვევაში, 15-დან 18 ლარამდე იქნება. სამომავლოდ მას ექსპორტზეც გაიტანენ.
“ტყლაპის წარმოება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ პროდუქტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, თუმცა ბაზარს ის მცირე რაოდენობით და დაბალი ხარისხის მიეწოდება. ტყლაპის ქარხნული წარმოება საქართველოში არ არსებობს, ამიტომ გადავწყვიტე ეს წარმოება გამეკეთებინა” – განაცხადა ვახტანგ ყაჯრიშვილმა.
საწარმოს მშენებლობაში 900 ათასი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, რომლის 40%-იც სოფლის მეურნეობის სამინისტროს “შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის” ფარგლებში ფინანსდება.