არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ თბილისის მერს, გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები მეტროს თანამშრომლებთან

1203

დღეს, 4 ივნისს დილის 06:00 საათიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეჩერდა. მეტროს თანამშრომელთა პროფესიულმა გაერთიანებამ, „ერთობა-2013“-მა გაფიცვა გუშინ, 3 ივნისს 15:00 საათზე დაიწყო. გაფიცვა მეტროს იმ თანამშრომლებმა დაიწყეს, რომლებსაც სასამართლოს განჩინებით გაფიცვის უფლება შეზღუდული არ ჰქონდათ, ასევე გაფიცვაში მონაწილეობდნენ ელ. მატარებლის ის მემანქანეები, რომლებიც იმყოფებოდნენ არასამუშაო რეჟიმში. დასვენების დროს გაფიცვის პარალელურად მეტროს მემანქანეები შიმშილობდნენ, რამაც გაართულა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეუძლებელი გახადა მეტროს ფუნქციონირება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ის წევრ მემანქანეებს სამუშაო საათებში განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.სასამართლოს მეორე განჩინების თანახმად კი, გაფიცვის 30 დღით გადავადების შედეგად, პროფესიული კავშირის წევრებს გაფიცვის უფლება 3 ივნისიდან წარმოეშვათ.

მეტროს მემანქანეები სრულად დაემორჩილნენ სასამართლოს ორივე განჩინების მოთხოვნებს და 3 ივნისიდან არასამუშაო საათებში დაიწყეს საგაფიცვო რეჟიმი შიმშილობასთან ერთად, რის შედეგადაც მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სამედიცინო პერსონალის მიერ მათი მდგომარეობა დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით არადამაკმაყოფილებლად შეფასდა. შესაბამისად, მემანქანეებისათვის შეუძლებელი გახდა უფლებამოსილების შესრულება, რამაც საბოლოოდ მეტროს ფუნქციონირების სრულად შეჩერება გამოიწვია. ­

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონი კახა კალაძის განცხადება გაფიცვის უკანონობის თაობაზე არ შეესაბამა სიმართლეს, რამდენადაც მეტროს თანამშრომლები გაფიცვას კანონმდებლობისა და სასამართლო განჩინებებით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით აწარმოებენ. ამასთან, სიმართლეს არ შეესაბამება ქალაქის მერის განცხადება მეტროს მემანქანეთა ანაზღაურების ოდენობის თაობაზე. ასევე პრობლემურია თბილისის მერის განცხადება რომლითაც ის ცდილობს მეტროს თანამშრომელთა ხელფასების საკმარისობა სხვა პროფესიის მქონე პირთა არასათანადო ანაზღაურებით დაასაბუთოს, რაც მემანქანეთა ხელფასების საკმარისობის ნაცვლად, ქვეყანაში დასაქმებულთა მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას ადასტურებს, რაც თავის მხრივ ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ამასთან, ჩვენთვის დღემდე დახურულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელ პირთა ხელფასები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მონაცემებს მეტროპოლიტენში სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობის შეფასებისათვის.

სასამართლოს მიერ გაფიცვის უფლების შემზღუდველი განჩინებებისა და მეტროს თანამშრომელთა მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნების ზედმიწევნით დაცვის პირობებში, განსაკუთრებულად შემაშფოთებლად მივიჩნევთ თბილისის მერის მიერ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის პროცესის შანტაჟად შეფასებას, რამდენადაც ის სრულად უგულებელყოფს გაფიცვის უფლების შინაარსს და მიზნად ისახავს მეტროს თანამშრომელთა პროტესტის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტებას. ამასთან, პრობლემურია თბილისის მერიის მხრიდან გამოხატული უკიდურესად ხისტი დამოკიდებულება გაფიცვაში მონაწილე თანამშრომელთა მიმართ, რაც ხელს უშლის შრომითი დავის მოლაპარაკების ფორმატში გადაზრდის შესაძლებლობას.

ამასთან, თბილისის მერია ქალაქის სატრანსპორტო კოლაფსზე პასუხისმგებლობის აღების და გააზრების ნაცვლად ცდილობს დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს დააკისროს, რაც სრულიად მიუღებელია იმ პირობებში როდესაც კომპანიას და თბილისის მერიას არანაირი ქმედითი ნაბიჯი მეტროს თანამშრომლებთან მოლაპარაკებების წარმოების და აღნიშნული შედეგის თავიდან აცილების ან გაფიცის შემდგომ მოლაპარაკებების განახლების მიზნით ამ დრომდე არ გადაუდგამს.

მივიჩნევთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა სრულად გაიაზროს მისი როლი და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებში და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, რაც დაეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვის მიდგომებსა და სოციალური დიალოგის პრინციპებს.

მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას:

  • დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი მეტროს გაფიცულ თანამშრომლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ერთი მხრივ მეტროს თანამშრომელთა მოთხოვნების განხილვა და მეორე მხრივ მეტროს საქმიანობის შეჩერების შედეგად მოსახლეობისთვის დამდგარი შედეგებისა და ქალაქის შესაძლო პარალიზების საფრთხეების დროული აღმოფხვრა;
  • უზრუნველყონ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს მეტროს თანამშრომელთა შესაძლო დისციპლინური, სამოქალაქო თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი

ახალგაზრდა სოციალისტები