ქობულეთის ფიჭვნარში საბავშვო ბაღი გაიხსნა. ქობულეთის მერიის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 175 აღსაზრდელზეა გათვლილი, სადაც 26 ადამიანია დასაქმებული.
მერიაში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით აშენდა. საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 936 377 ლარი დაიხარჯა.
ქობულეთის მერიის განცხადებით, პროექტის ფარგლებში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ორ სართულიანი შენობა აშენდა, სადაც განთავსდა საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები, დარბაზი და დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. საბავშვო ბაღის ეზოში მოეწყო გასართობი კუთხე, სადაც საბავშვო ატრაქციონები დაიდგა.
მერისი ცნობით, დღეის მდგომარეობით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 28 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 2 875 აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას და 535 ადამიანია დასაქმებული. სამომავლოდ საბავშვო ბაღების გახსნა აჭყვისთავში, წყავროკასა და ჩაისუბანში იგეგმება.