შესყიდვების სააგენტომ კასპის მერიას 2018 წლის 8 მაისს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა და ტენდერებში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა დაავალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოში 2018 წლის 1 ივნისს მიიღეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შესყიდვების სააგენტოს, სამშენებლო კომპანია “სეივ როუდის“ საჩივართან დაკავშირებით, კასპის მერიის მიმართ კითხვები გაუჩნდა: “მოთხოვნები უნდა იყოს პროპორციული და არადასიკრიმინაციული“, – წერს შესყიდვების სააგენტო გადაწყვეტილებაში და დასძენს, რომ მერია “ხელს უნდა უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებასა და პრეტენდენტთა მიმართ თანასწორ მოპყრობას“.
სამოტივაციო ნაწილში სააგენტოს წარმომადგენლები კასპის მერს და მის კომისიას თეორიულად უხსნიან, თუ რა პროცედურებია გასავლელი შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად: “საბჭო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული ტენდერის გამოცხადების წინ, შემსყიდველი ორგანიზაცია (მერია) ითვალისწინებს ბაზრის მოკვლევის შედეგებს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით ხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება. საჭიროა, მოთხოვნები ადეკვატურად ასახავდეს საჭიროებას და ამავდროულად უზრუნველყოფდეს პროპორციულ და არადისკრიმინაციულ მიდგომას იმ პოტენციური მიმწოდებლების მიმართ, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნული, თავისთავად ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის დამკვიდრებას, რაც საქართველოს კანონის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს,“ – აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მერიის მხრიდან ინფორმაცია ბაზრის კვლევისა და მისი შედეგების შესახებ არ იკვეთბა. საბჭოსთვის ასევე ბუნდოვანია საკითხი, თუ რატომ ითხოვს მერია კომპანიებისგან ტექნიკის მხოლოდ საკუთრების ფორმით ფლობას; რამდენად გამართლებული და მიზანშეწონილია ასეთი მოთხოვნის დაყენება და რამდენად არ იზღუდება ბაზარზე კონკურენცია.
მიუხედავად ამ შენიშვნებისა, კასპის მერიამ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან იმავე დღეს, არ შეცვალა 8 მაისის ოქმის ძირითადი მოთხოვნები და გამარჯვებულად სწორედ ის კომპანია გამოაცხადა, რომელსაც სპეციალურად ჩამოწერილი ტექნიკა გააჩნია. ეს კომპანია გორის მაჟორიტარი პარლამენტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლია“.
შეგახსენებთ, 2018 წლის 8 მაისს, კასპის მერიამ გამოაცხადა ტენდერი ახალშენა-საკორინთლოს გზის სამუშაოებისთვის, რომლის ღირებულება 1, 8 მლნ ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში კასპის მერიამ მიუთითა, რომ ტენდერში ის კომპანია გაიმარჯვებს, რომელსაც ავტოგრეიდერი, ექსკავატორი, პნევმატური სატკეპნი და გლუვვალციანი სატკეპნი აქვს.
ეს ნორმა სადავო გახადა “სეივ როუდმა“. მისმა იურისტმა წერილობითი განცხადება საქართველოს შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა. საჩივრის მიხედვით, კასპის ხელისუფლება არაჯანსაღ კონკურენციის გარემოს ქმნის, რაც საგზაო მშენებლობებში ბოლო პერიოდში კასპში აშკარად გამოიკვეთა.