მეტროპოლიტენის მემანქანეების მიერ 4 ივნისს დაანონსებულ გაფიცვასთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადება გაავრცელა. კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს, რომ თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან.
“მეტროს მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ის წევრებმა, 3 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებენ უვადო გაფიცვას და შიმშილობას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილებით, მათ დროებით შეზღუდული ჰქონდათ ამის უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი იყო მხოლოდ დავის განხილვის პერიოდში მემანქანეების მხრიდან გაფიცვის უფლების დროებითი შეზღუდვა და მეტროპოლიტენის ჩვეულ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საფრთხე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების პარალიზება.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“, – წერია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები, ძირითადად, მემანქანეები ამ წუთებში გლდანის დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი გაფიცულები არიან და შიმშილობაც გამოაცხადეს.
კახა კალაძის განცხადებით, თუ მემანქანეები გაიფიცებიან, მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს. როგორც მან განმარტა, საუბარია ხელფასების დაკავებაზე და ა.შ.
მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაფიცვა 30 დღით გადადო. რამდენიმე დღის წინ კი სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვის უფლება უკვე გაურკვეველი დროით შეუზღუდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ.