აჭარის ბიუჯეტი 20 521 500 ლარით გაიზარდა

676

აჭარის ბიუჯეტი 20 521 500 ლარით გაიზარდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

აჭარის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე დეპუტატები 4 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა, მათი მტკიცებით, მთავრობა თანხის უმეტეს ნაწილს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის გამოიყენებს. სწორედ ამიტომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს.

“გარდამავალი ნაშთი გადადის წლიდან წლამდე და ეს რომ ეფექტურად ვერ იხარჯება, რა თქმა უნდა მიანიშნებს იმაზე, რომ ეს საარჩევნოთ არის გაკეთებული”,-განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, პეტრე ზამბახიძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თანხები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ასევე, გაიზრდება თვითმმართველობების დაფინასებებიც, კერძოდ, ბათუმს 6 მილიონი ლარი გადაეცემა, საიდანაც დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაიხარჯება.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გაზრდის პარალელურად რიგ უწყებებს დაფინანსება უმცირდება, მაგალითად ეს ეხება უმაღლეს საბჭოს, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სხვას.

ასევე, მცირდება პროგრამების რაოდენობა, მათ შორისაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს “ნიადაგების განაყოფიერების” პროგრამაც.