საბურთალოს გამგეობამ მრჩეველთა საბჭოს ანგარიში წარუდგინა

826

საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გამგეობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საბურთალოს გამგეობის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე, საბურთალოს რაიონში, ქუჩებისა და ეზოების რეაბილიტაციის სამუშაოები 24 მისამართზე განხორციელდა. ასევე, მოეწყო ხუთი სკვერი. სამუშაოების ფარგლებში, რვა მისამართზე დამონტაჟდა ფიტნეს ტრენაჟორები, ოთხ მისამართზე კი, საყრდენი კედელი მოეწყო.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ექვს მისამართზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ მისამართზე კი, სკვერის მოწყობა ხორციელდება.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. კერძოდ, აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, ზემო ვეძისში, მერი დავითაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები, ხოლო ბერიტაშვილისა და ხვიჩიას ქუჩებზე სკვერის მოწყობაა დაგეგმილი.

სამოქალაქო მრჩეველთა ახლადარჩეული საბჭო საბურთალოს რაიონის სამი ტერიტორიული ერთეულიდან წარმოდგენილი 36 წევრისგან შედგება. საბჭოს წევრებს გამგეობასთან ერთად, საშუალება ექნებათ, რაიონის პრიორიტეტების განსაზღვრაში, პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმარებასა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა.