თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
დოკუმენტი ორივე თეატრალური დასისთვის გაცვლითი და ერთობლივი სპექტაკლების ჩატარებას გულისხმობს. თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ქალაქ ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებმაც.
“დღეიდან, თელავში ქუთაისის თეატრის გასტროლები დაიწყო. პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იქნება სამი სპექტაკლი. შემოდგომაზე კი საპასუხო გასტროლით ქუთაისს თელავის თეატრალური დასი ეწვევა. მნიშვნელოვანი მოვლენაა თეატრებს შორის მემორანდუმის გაფორმება, რაც გულისხმობს ჩვენს აქტიურ თანამშრომლობას. ყოველ წელს, წელიწადში ერთხელ, ქუთაისში გაიმართება თელავის თეატრის დღეები, თელავში კი ქუთაისის თეატრის დღეები. მემორანდუმი გულისხმობს ასევე ერთობლივი სპექტაკლების ჩატარებასაც, რომელშიც მონაწილეობენ როგორც თელაველი, ასევე ქუთაისელი მსახიობები. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მემორანდუმს ჩვენთან ერთად ხელი მოაწერეს მუნიციპალიტეტების მერებმაც. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ორი ძირძველი ქალაქის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და სხვა ეტაპზე გადასხვლას’’,- თქვა ქუთაისის თეატრის დამდგმელმა რეჟისორმა და მუსიკალურმა გამფორმებელმა კოტე აბაშიძემ.