ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროში სოფლის განვითარების პროექტი იწყება

1025

28 აპრილს, ევროკავშირმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების კიდევ ერთი ახალი პროექტი ოფიციალურად წარადგინა. პროექტს „მოსახლეობის ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისთვის“ ორგანიზაცია „ჰექს-ეპერ საქართველო“ (HEKS-EPER Georgia) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით, შეამციროს სიღარიბე მუნიციპალიტეტში.

ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ხუთი ახალი პროექტი განხორციელდება, კერძოდ დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ახალქალაქში, ქედასა და ხულოში.

პროექტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე ზვიადაძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარიციომ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის HEKS-EPER-ის წარმომადგენელმა, დეტლეფ დიქსმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, მალხაზ მერაბიშვილმა და დედოფლისწყაროს საკრებულოს თავჯდომარემ, ნუგზარ პაპიაშვილმა.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების და გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დედოფლისწყაროს მაცხოვრებლებმა და პროექტის შესაძლო ბენეფიციარებმა.

„ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს პროექტი შექმნის ახალ სოციო-ეკონომიკურ შესაძლებლობებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და ევროპული LEADER მიდგომის დანერგვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართული საკუთარი კუთხის განვითარების პროცესში“- განაცხადა ალვარო ორტეგა აპარიციომ, ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერმა.

პროექტის დირექტორის, დეტლეფ დიქსის აზრით, PROCEED მოახდენს დედოფლისწყაროს საზოგადოების წევრთა მობილიზაციას, რათა მათ შექმნან უკეთესი მომავალი მათი მუნიციპალიტეტისთვის. ‘’საარსებო საშუალებების გაუმჯობესება მეტად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მომავლისთვის. თუმცა, ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, რომელიც დამყარებული იქნება ადგილობრივი პირების, საჯარო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების სანდო და პარტნიორულ თანამშრომლობაზე“- განაცხადა ბნ. დიქსმა.

სოფლის განვითარება ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. რეგიონებში, უმუშევრობის შემცირებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ეკონომიკის დივერსიფიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ სოფლის მეურნეობაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება მოსახლეობის მხრიდან აუცილებლად უნდა შემცირდეს.

ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით.

ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.enpard.ge

წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის