ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტს იწყებს. პროექტის პრეზენტაციას ხვალ სამცხე-ჯავახეთში ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) გამართავს. ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პროექტი მიზნად ისახავს ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებსა და ახალგაზრდებზე გაკეთდება.
კონკრეტულად, პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აქტიური წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით ჩამოყალიბდება ე.წ. LAG (ადგილობრივი განვითარების ჯგუფი). LAG-ში ერთობლივად გამოავლენენ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს, გაანალიზებენ და განსაზღვრავენ განვითარების ყველაზე ეფექტიან სტრატეგიას და პრიორიტეტებს, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. მასზე დაყრდნობით, საგრანტო კომპონენტით განხორციელდება ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროექტების მხარდაჭერა. პრიორიტეტულ მიმართულებებად სახელდება სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა (მათ შორის, ნარჩენების მართვა), სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრებისთვის ტრეინინგები ჩატარდება, გაიმართება საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დაგეგმილ საგრანტო კონკურსებზე ინფორმაციის მიწოდებაა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ეს შესაძლებელია იყოს ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ინდმეწარმე, ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი თუ სხვა. კონკრეტულად, საგრანტო კონკურსისთვის ახალქალაქის რაიონში გამოყოფილია, დაახლოებით, 1 მილიონი ევრო.
LAG-ების შექმნა დაგეგმილია ასევე თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ხულოსა და ქედას მუნიციპალიტეტებში.
ევროკავშირი ხელს უწყობს, სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
წყარო: Europe for Georgia