ბათუმის მერია საკრებულოსგან ითხოვს, რომ ქალაქში პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების გარევაჭრობისა და რეკლამისთვის გამოყენება აკრძალოს. ეს მოთხოვნა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბათუმის მერიის ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ეგარსლან ლომაძე წარადგინა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
“იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარკირების ადგილების გამოყენება მერიასთან შეთანხმებით ხდება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებებისათვის“ – ამ ფორმულირებით ითხოვს მერია პარკირების მუხლში ცვლილებას.
ამ მუხლის დამტკიცების შემთხვევაში, პარკირების საერთო სივრცეების კონკრეტული საქმიანობისთვის გამოყენება მერიის ნებართვით იქნება შესაძლებელი. ამ ჩანაწერის აუცილებლობაზე მერია განმარტებას აკეთებს:
“ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას, 2017 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 15 იანვრის წერილებით მომართა სს „ლიბერთი ბანკი“-მა, რომელიც აღნიშნავს, რომ სს „ლიბერთი ბანკი“ ემსახურება სახელმწიფო სოციალურ გასაცემლებს. მოსახლეობისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად,საქართველოს უმეტეს ქალაქსა და სოფელს მომსახურებას ახორციელებს მობილური ბანკის ლიბერთი ექსპრესის ავტოსანტრანსპორტო საშუალებებით, მათ შორის ქალაქ ბათუმშიც და აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის ითხოვს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის ქ. #21; ინასარიძის ქ. #14ა; ჭავჭავაძის ქ. #5; გრიშაშვილის ქ. #12ა; აღმაშენებლის ქ. #30) მობილური ბანკის ლიბერთი ექსპრესის ავტოსატრანსპორტო საშუალებების განთავსებას.
გარდა აღნიშნულისა სხვადასხვა დროს ხდება ქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების (მათ შორის გადაღებების, ტელე ტრანსლიაციისწარმართვის და ა.შ.) ჩატარება, რა დროსაც ქალაქის გარკვეულ ლოკაციებზე საჭირო ხდება შესაბამისი ტექნიკის თუ სატრანსპორტო საშუალებების განთავსება”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ბათუმის საკრებულოს სხდომა დღესაა დანიშნული.