გორის მერიას, მაჟორიტარის კომპანიის გამო, შესაძლოა, დავების საბჭოში უჩივლონ

722

წინა სტატია

გორში, სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის, სტალინის გამზირის მონაკვეთის, მისი მიმდებარე მონაკვეთისა და კახნიაშვილის ქუჩის სანიაღვრე წყალანირების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციას გორის მაჟორიტარი დეპუტატის კომპანია შპს ,,იბოლია” შეასრულებს.

ეს ინფორმაცია რადიო ,,მოზაიკამ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან მოიპოვა.

გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს “იბოლია” უკონკურენტოდ მონაწილეობს და დასახელებულ ლოკაციებზე შესაბამის სამუშაოების შესრულებას ადგილობრივ ხელისუფლებას 712 000 ლარად სთავაზობს.

დოკუმენტების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოების საგარანტიო ვადა 3 წელია. ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში კი, კომპანია ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი 1 თვის ვადაში.

გორის მერია შპს “იბოლიას” მიერ წარდგენილი დოკუმენტების განხილვის შემდეგ ხელშეკრულებას გააფორმებს, სამუშაოების წარმოების ვადა სწორედ ამ პერიოდიდან აითვლება და ის 150 დღეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო წინადადებას კომენტარების სახით თან ერთვის გამოხმაურებები, შპს “გზამშენის” მიერ, მისი წარმომადგენელი მურთაზ ნემსაძე აცხადებს, რომ წინასატენდერო პირობებში მოცემული მოთხოვნები მართლსაწინააღმდეგო მოთხოვნებს მოიცავს და გორის მერიას კონკრეტულ საკითხზე შესწორების შეტანას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კომპანია ჩანაწერის დავების საბჭოში გასაჩივრებას აპირებს. შპს-ს წარმომადგენელი თვლის, რომ სატენდერო მოთხოვნები დისკრიმინაციის შემცველ ჩანაწერს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია “იბოლიამ”, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, გზების მოვლა-შენახვისთვის 27-მილიონიანი ტენდერი მოიგო. ასევე, აუქციონის გარეშე შპს ,,იბოლიამ“ და შპს ,,შარამ“ , რომელიც დეპუტატის მეუღლეს ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის, გორში სამი დიდი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერშიც გაიმარჯვა.

მაკრახიძისა და მისი ოჯახის წევრების მიერ მუნიციპალიტეტში მოგებულ ტენდერებთან დაკავშირებით 2017 წელს სტუდია “მონიტორმა” საგამოძიებო ფილმიც გამოაქვეყნა.