ბატონის ციხის განახლებულ მუზეუმში საკანალიზაციო სისტემა გაფუჭდა და ნახატები დაზიანდა

1327

თელავში, ბატონის ციხის განახლებულ მუზეუმში, საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და 5 ნახატი დაზიანდა. მომხდარ ფაქტს მუზეუმის დირექტორი გურამ ურჩუხიშვილიც ადასტურებს. ინფორმაციას “სპექტრი” ავრცელებს.

“სავარაუდოდ, მიწაყრილის გამო საკანალიზაციო მილმა დეფორმაცია განიცადა, წყალი ვეღარ გაატარა და მწყობრიდან გამოვიდა. ამის გამო, 5 ნახატამდე დასველდა. მინდა აღვნიშნო, რომ არცერთი მათგანი არ იყო მუზეუმში დაცული. ნამუშევრები გავაშრეთ და საფრთხე არ ემუქრება. პრობლემა უკვე მოგვარებულია”, – განაცხადა ურჩუხიშვილმა.

თელავში რეაბილიტირებული ბატონის ციხის (მუზეუმი და ტერიტორია) განახლებული მუზეუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 მაისს გახსნა.  მუზეუმს უმდიდრესი კოლექცია გააჩნია, რომელიც 65 000 ექსპონატს ითვლის.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქ. თელავში ბატონის სასახლის რესტავრაცია 2016 წლის ოქტომბერში დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ერეკლე მეფის სასახლეზე ჩატარდა კომპლექსური სარესტავრაციო სამუშაო.

ერეკლე მეფის სასახლისა  და ბატონის მუზეუმის პროექტის საერთო ღირებულება (მშენებლობა, ინვენტარით აღჭურვა) დაახლოებით 14 მილიონი ლარია.