ქალი „რობინ ჰუდი“ – ფარი-ხანუმ სოფიევა, მსოფლიოში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალი საქართველოდან

3470

“…აღსანიშნავია ერთი ფრიად სამხიარულო მოვლენა; ხმოსანთა რიცხვში შედის ყარაიაზის ოლქიდან წამოყენებული მუსულმანელი ქალი, პარი-ხანუმ სოფიევი. პირველი საერობო ყრილობა დაინიშნა 2 დეკემბერს…”

ქართული პრესა, 1918 წელი

ფარი-ხანუმ სოფიევა – ასი წლის წინ ის საქართველოში, სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. მის შესახებ ბევრი ცნობა შემორჩენილი არ არის, თუმცა, უმთავრესი, რაც მასზე ვიცით, ისაა, რომ 34 წლის ფარი-ხანუმ სოფიევა პირველი მუსლიმი ქალი იყო, რომელმაც 1918 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა.

მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას დაეთმო. სწორედ ამ დროს შეიქმნა ერობები, რომლებიც თვითმმართველობის მეორე დონეს წარმოადგენდა და მაზრებში ფუნქციონირებდა.

1918 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები დემოკრატიული, თავისუფალი და მრავალპარტიული იყო. მასში როგორც პარტიული, ისე არაპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.

თბილისის მაზრის ყარაიაზის ოლქში, სადაც კენჭს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყრიდნენ, ხოლო ამომრჩეველთა უმეტესობა მუსლიმი იყო, გამარჯვება მოულოდნელად დამოუკიდებელმა კანდიდატმა – ფარი-ხანუმ სოფიევამ მოიპოვა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი მსოფლიოში პირველი მუსლიმი ქალი იქნებოდა, რომელმაც დემოკრატიულ არჩევნებში კენჭი იყარა და გამარჯვებაც მოიპავა.

უპარტიოთა სია – ფარი-ხანუმ სოფიევა პირველ ნომრად

ამის შესახებ ინფორმაცია, მეოცე საუკუნის დოკუმენტების შესწავლისას, ისტორიკოსმა ირაკლი ხვადაგიანმა აღმოაჩინა. დოკუმენტები ამტკიცებს, რომ 1918 წელს საქართველოს პატარა სოფელი გახდა ის ადგილი, სადაც მუსლიმმა ქალმა არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. როგორც ის აღნიშნავს, ინფორმაცია დაცულია მაშინდელ  საარჩევნო ჟურნალში (დავთარში) „თბილისის  ოლქი“, რომელიც, ასევე, მოიცავს ყარაჯალას და კიდევ რამდენიმე სოფელს.

“მისი გამარჯვება გვიჩვენებს, თუ რა ავტორიტეტი  და გავლენა უნდა ჰქონოდა თავის სოფელში, რომ მთელ სოფელს ხმა მიეცა მისთვის – ქალისთვის. ეს არის დემოკრატიული საარჩევნო კულტურის უმაღლესი დონე”,  – წერს  ხვადაგიანი.

აღსანიშნავია, რომ ფაქტი შემონახულია მაშინდელ პარტიულ გაზეთებშიც, სადაც წერენ, რომ ყარაჯალაში გამარჯვება მუსლიმმა ქალმა მოიპოვა და ამას, როგორც ჩანს, პარტიული კონკურენციისა და დაპირისპირების გამო, სარკასტული ტონალობა გასდევს. თუმცა,  ფაქტია, რომ ამ ქალს მაშინდელ მუსლიმურ სოფელში ყველაზე დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა.

შემდეგ რუსეთმა ისევ დაიპყრო საქართველო და, საბჭოთა კავშირის სახელით, ყველაფერი დემოკრატიული, ეროვნული და სუვერენული საგულდაგულოდ განადგურდა. ამიტომ ფარი-ხანუმზეც ძალიან ცოტაა ცნობილი. არ არსებობს ბევრი ინფორმაცია მის ბიოგრაფიაზე. სოფლის მოსახლეობამ და შთამომავლებმა მისი ისტორიები წინაპართა გადმოცემით იციან.

ცოტა ხნის წინ ყარაჯალაში ფარი-ხანუმ სოფიევაზე უკვე ლეგენდად ქცეული ამბები აქაურ სოფელში მცხოვრებლებისგან  ჟურნალისტმა უილიამ დანბერმა ჩაწერა და eurasianet.org-მა გამოაქვეყნა.

ყარაჯელის პატრიარქალურ საზოგადოებაში  ამბობენ, რომ „ის იყო კაცი, რომელიც ქალად დაიბადა“.

მისი ძმის შთამომავალი, ბეგ ზადე სოფიევი, რომელიც ახლა ისტორიის მასწავლებელია, გამოცემასთან ყვება: “ამ რეგიონის ყველა უხუცესმა იცის, რამდენი კარგი რამ გააკეთა… ძალიან აქტიური იყო, ყველას ეხმარებოდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, იმ დროს რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ხალხი და ის ყოველთვის ცდილობდა მათ დახმარებას. ის იყო ქალი „რობინ ჰუდი”.

ყარაჯელლეები ჰყვებიან, რომ ფარი-ხანუმი იყო „ძალიან მამაცი, ძალიან უცნაური, ძალიან უჩვეულო ქალი. ის მუდმივად ეწეოდა გრძელ ჩიბუხს და ყოველთვის დომინანტი იყო. ის ყოველთვის იყო მომლაპარაკებელი და მამაკაცებთან დისკუსიაში ყოველთვის პირველი იყო“. მისი შთამომვალი კი დასძენს, რომ  ეს აზერბაჯანულ თემში დღესაც კი წარმოუდგენელია, როდესაც არასწრულწლოვან გოგონებს დღემდე მათი ნების წინააღმდეგ აქორწინებენ და სადაც გენდერული დისკრიმინაცია კვლავაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

განსაკუთრებით საინტერესო კი ის ამბავია, რომლის თანახმადაც, მან, ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, დაარწმუნა მეფის რუსეთის ხელისუფლება, რომ რკინიგზა მისი სოფლის გვერდით გაეყვანათ. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს  ბანკებთან, რათა სოფლის საჭიროებებისთვის ფული გამოეყოთ. სწორედ ამ  წარმატებული საქმეებით მოიპოვა გავლენა და ავტორიტეტი ფარი-ხანუმმა და სოფლის არაფორმალური ლიდერიც გახდა.

მოგვიანებით, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ბოლშევიკებმა ერობები გააუქმეს, ფარი-ხანუმ სოფიევას ოჯახი გააკულაკეს, უფრო გვიან კი, 1937 წელს, მისი 3 ძმა დახვრიტეს. ამის შემდეგ ფარი-ხანუმის ძირითად საქმედ ობოლი ძმის შვილების აღზრდა გახდა.  

ფარი-ხანუმ სოფიევას ხელმოწერა (სიაში მეორე) – თბილისის მაზრის პირველ საერობო ყრილობაზე დასწრების ოქმი

ფარი-ხანუმ სოფიევას ისტორია ძალიან საინტერესო ნაწილია იმ სურათისთვის, რაც მაშინდელ საქართველოში ხდებოდა. 1918 წელს საქართველომ არა მხოლოდ დამოუკიდებლობა მოიპოვა და რუსეთის ანექსიისგან გათავისუფლდა, არამედ დაიწყო რეჟიმის შეცვლა და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან, საინტერესო რეფორმებსა და, თუ შეიძლება ითქვას, დემოკრატიულ  ექსპერიმენტებს ეყრდნობოდა, ცხადია, თავისი  წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგებით.

პირველი მსოფლიო ომის ქაოსისა და რუსეთის რევოლუციის ფონზე, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნა სოციალური, დემოკრატიული, მრავალეთნიკური სახელმწიფო, კონსტიტუციით, რომელიც მოიცავს უნივერსალურ საარჩევნო უფლებას, უმცირესობათა უფლებებსა და რელიგიის თავისუფლებას, თვითმმართველობის ძლიერ საფუძვლებსა და ანგარიშვალდებულებას ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე.

როგორც ხვადაგიანი წერს, მაშინ პოლიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ რეალური დემოკრატიული სახელმწიფო აგებულია სოფლების ბაზაზე.  “სოფლის საზოგადოება” არის მთლიანი პოლიტიკური სისტემის მთავარი პუნქტი. თუ არსებობს პრობლემა სოფელში და, თუ დემოკრატია დაბალია, პოლიტიკური კულტურა დაბალია, მაშინ არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ აშენდეს რეალური და კარგი დემოკრატიული საზოგადოება.

ფარი-ხანუმ სოფიევას ისტორიაც დემოკრატიული საზოგადოების ფორმირების უტყუარი მაგალითია.