მთავრობის ადმინისტრაციის დავალებით, გორის მერიამ ქალაქში ამოქმედებული პარკირებისა და ჯარიმების გადასახადი გააუქმა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილ პარკირების ადგილებზე გადასახადი, გორის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე გაუქმდა. მოკვლევით გაირკვა, რომ პარკირების გადასახადისა და ჯარიმების დაწესების უფლება მხოლოდ ბათუმსა და თბილისს აქვს.
“სამთავრობო ადმინისტრაცია საკრებულოს სამართლებრივ აქტებზე სამართლებრივ ზედამხედველობას ახორციელებს. ამ უფლებამოსიალების ფარგლებში, მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვწერა საკუთარი დასკვნა. დასკვნის მიხედვით, გორის მერიის მიღებულ დადგენილებაში განსაზღვრული პარკირების საფასური და მისი გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების საკითხი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსების მიხედვით, მუნიციპალიტეტეს არ აქვს. მიუხედავად ჩვენი სურვილისა, რომ გვქონოდა ეს სისტემა, დასკვნა გულისხმობს, რომ ეს ყველა მუხლი, რაც დადგენილებაში არის ამ ეტაპზე უნდა ამოვიღოთ“, – განმარტავს იურისტი გიორგი ბატონისაშვილი.
რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პარკირების საფასური წლის დასაწყისშივე გადაიხადა, მერიის ცნობით, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდებათ.
გორიის მერიის მიერ პარკირებასთან დაკავშირებით ინიცირებულ პროექტს გორის საკრებულომ მხარი აპრილში დაუჭირა.