ზესტაფონის ცენტრალური მოედნის იერსახე შეიცვლება

1239

ზესტაფონში ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია იგეგმება, მოედანი ახალი დაგეგმარებით მოეწყობა. ზესტაფონის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

პროექტის მიხედვით, ახლებურად დაიგეგმება საავტომობილო მოძრაობა, განსაზღვრულია ავტოსაგზაო მარეგულირებელი წრის გაუქმება და მის ადგილზე დასასვენებელი პარკის მოწყობა. პარკში მოეწყობა აუზი და მის ირგვლივ  წყლის საჰაერო სადინარები, რომლებიც თავს მოიყრიან ცენტრში და შექმიან როგორც ვიზუალურ ეფექტს, ასევე ფუნქციურად იზრუნებენ აუზის წყლით შევსებაზე.

პარკში განთავსდება სხვადასხვანაირი ინვენტარი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სანათები, რომლებიც გაანათებენ როგორც პარკს, ასევე მოედნის ირგვლივ საფეხმავლო გზას. ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. პროექტით გათვალისწინებულია საპარკინგე ადგილების გამოყოფა და გაზონებზე დეკორატიული გამწვანება.

ტენდერიის მიხედვით, აღმაშენებლის ქ. #23-ში,უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებული ,,ცენტრალური მოედნის’’ ახლებური დაგეგმარებისა და სრული სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის  730 979 ლარია გათვალისწინებული.

სატენდერო წინადადებების მიღება 9 ივნისს იწყება და 14 ივნისს მთავრდება.

სამუშაოების ღირებულების 95%  (694 430 ლარი) ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 5 %-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გადაიხდის.