ევროკავშირის დახმარებით სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა

942

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი მოეწყობა და გაიხსნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრესსამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცენტრი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროგრამის”პოლონეთის დახმარება საქართველოს 2017″ ფარგლებში გაკეთდება.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთადერთია იმ თვითმმართველობებს შორის, რომელმაც ყველა საკონკურსო პირობა დააკმაყოფილა და სოფელ ტინისხიდში შშმ პირებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნაზე ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.” – აცხადებენ გამგეობაში.

დაგეგმილია შენობის გარემონტება და შესაბამისი ინვენტარიზაცია. სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი არა მხოლოდ გორის, არამედ რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ბენეფიციარებსაც მოემსახურება.

პირველ ეტაპზე სარეაბილიტაციო ცენტრის გარემონტებისთვის 467 604 ზლოტია (300 ათას ლარზე მეტი) გამოყოფილი. ცენტრი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნება.

,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკვე რამდენიმე თვეა თანამშრომლობს პოლონეთში რაჩიეჰოვიცეს და გოლდაპის მუნიციპალიტეტებთან. პოლონელ პარტნიორებს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრების ფუნქციონირების არაერთი წარმატებული მაგალითი აქვთ, გორის მუნიციპალიტეტისთვის კი ეს სიახლეა სადაც პოლონური მხარის გამოცდილების გაზიარება მოხდება.” – აცხადებს პრესსამსახურის წარმომადგენელი

მისივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა თანამშრომლობს პოლონურ თვითმმართველ ერთეულებთან და სხვა არაერთი პროექტი აქვს წარდგენილი როგორს პოლონურ ისე ევროკავშირის ფონდებში.

წყარო: შიდა ქართლი