თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის გენგეგმასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც კალაძემ თქვა, დედაქალაქის მერიაში მისი მოსვლის დღიდან, უწყება “სითი ინსტიტუტი საქართველოსთან” გენგეგმის გაუმჯობესებაზე მუშაობდა.
“შეფასებისა და ანალიზის პროცესში ჩვენ საერთაშორისო ექსპერტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ჩავრთეთ. შედეგად წარმოდგენილი იყო შენიშვნები და მითითებები, რომლებიც საჯაროდ რამდენიმე დღის წინ განვიხილეთ. შესაბამისად დავრწმუნდით, რომ არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. სითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია, რომელიც თავმოყრილია პირველ ხუთ ეტაპში: “მწვანე ქალაქი, კომპაქტური და შეკავშირებული” – ჩვენთვის მისაღებია. ჩვენთვის მთავარია რომ გენგეგმაში ჩადებული კონცეპტუალური ნაწილი იყოს რაც შეიძლება ადვილად, გონივრულ დროში შესრულებადი და ქალაქის თითოეული მოქალაქის მოთხოვნებთან მაქსიმალურად მიახლოებული, რაც მეექვსე ეტაპში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩვენ გენგეგმასთან დაკავშირებით დისკუსიას, პოლემიკას და განხილვას ვასრულებთ. შენიშვნები, მათზე პასუხები და სამუშაოების ჩაბარების აუცილებელი პირობები დამუშავებული და შეჯერებულია. იქიდან გამომდინარე, რომ გენერალური გეგმის არსებობა, თბილისისთვის უმნიშვნელოვანესიადა პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასრულებინოთ სითი ინსტიტუტს თავისი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი და ყველანაირად ხელს შევუწყობთ , რომ სითი ინსტიტუტმა წარმოადგინოს ქმედითი, გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლილი და ხარისხიანი მასალა” – განაცხადა კახა კალაძემ.
სითი ინსტიტუტს საბოლოო ვადა დოკუმენტის წარმოსადგენად 1 ივნისი იქნება.
27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტი, რომელიც 2030 წლამდეა გაწერილი, თბილისის მერიას 3 იანვარს ჩაჰბარდა.
გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იმავე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა, რომელიც თებერვლის ბოლოს ამოიწურა