ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

984

“ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში „ქართული ჩაი” შპს „მარსი“ 2017 წლის აგვისტოში ჩაერთო.

შპს „მარსი“ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას 18 ჰექტარზე, სოფელ ნაგომარში ატარებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 45,000 ლარია, საიდანაც 32,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.

პროგრამაში „ქართული ჩაი“, საქართველოს მასშტაბით ჩართულ 30 ბენეფიციარს 36 პროექტი დაუმტკიცდა. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 848 ჰექტარია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,125,752 ლარია, საიდანაც 1,495,538 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის, ბიოჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.