„ჩემი ინტერესია თელავის მერის ინსტიტუტის შენარჩუნება, თუმცა ჯერ კიდევ საკამათო თემაა მისი მმართველობა გავრცელდება თუ არა თელავის თემზე და მე ამაზე ვმუშაობ მთავრობასთან და ჩემს კოლეგებთან“, – განუცხადა knews.ge-ს თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა ქალაქ თელავისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას.
სესიაშვილის განცხადებით, მისთვის პრინციპული საკითხია, რომ თვითმმართველობის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებების შემდეგ ქალაქისა და თემისათვის განსაზღვრული თანხა არ უნდა შემცირდეს.
„მე მხარს ვუჭერ თვითმმართველობის რეფორმას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციები იყოს უფრო მოქნილი და ეფექტური და პირდაპირი წესით არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობა იღებდეს ხალხის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩემთვის ფორმაზე მეტი შინაარსია მნიშვნელოვანი. ბიუჯეტი სერიოზულადაა გაზრდილი. თელავის რაიონში დაიხარჯა 29 000 ლარი. აქედან დაახლოებით 14 მილიონი ლარი მოხმარდა ქალაქ თელავს, ხოლო დანარჩენი თანხა დაიხარჯა თემში. ჩემთვის პრინციპული საკითხია ბიუჯეტის შენარჩუნება. როგორც თემის ისე ქალაქის ბიუჯეტი უნდა იყოს იმდენივე, რაც არის ეხლა“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თელავის გარდა, ახალციხის, ოზურგეთის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ზუგდიდის მოსახლეობა მერს სავარაუდოდ აღარ აირჩევს. მესამე სექტორი 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის შესაძლო გაუქმებას რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებს.
120 არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება.
წყარო: კახეთის ხმა