თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გასაზრდელად პროექტი იწყება

877

წინა სტატია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტირების პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიზნით ახალ პროექტს იწყებს. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.

პროექტის ,,ყველაზე მოწყვლადი პირებისა და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ მიზანია მუნიციპალიტეტებში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

საიას აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყნის კანონმდებლობის გაუმჯობესება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების მიმართულებით. ირმა პავლიაშვილის თქმით, დაგეგმილია საჭიროებებიდან გამომდინარე, რეგიონებში ქვეგრანტების გაცემაც.

“ვაპირებთ, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები და რეალურად დავეხმაროთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, ქალები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და თვითმმართველობა. ეს ყოველივე ემსახურება მუნიციპალიტეტების გაძლიერებას”,  თქვა ირმა პავლიაშვილმა.

ამ თემასთან დაკავშირებით 22 მაისს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საიას წარმომადგენლებს შეხვდა.