ზაზა გაბუნია თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე საია-ს წარმომადგენლებს შეხვდა

1040

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თვითმმართველობების ბიუჯეტირების საკითხზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

გაბუნიას თქმით, მნიშვნელოვანია ხელი შეუწყონ აღნიშნული პროექტის განხორციელებას, რადგან მოწყვლადი ჯგუფების უფლებებსა და საჭიროებებს უკავშირდება.

„აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ თვითმმართველობების ბიუჯეტებში ამ კომპონენტების გათვალისწინებაზე მუშაობას უკავშირდება. მნიშვნელოვანია მოსახლეობა მონაწილეობას იღებდეს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე სამიზნე მუნიციპალიტეტში სოციალურ-ეკონომიკური უფლებების მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობის გაუმჯობესება სოციალურ – ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობის გაჯანსაღების კუთხით. დაგეგმილია გაიცეს ქვეგრანტები ადგილზე რიგი საჭიროებებიდან გამომდინარე. ეს ყოველივე დაეფუძნება კვლევებს, რომლიც ჩატარებასაც პროექტის ფარგლებში საია უახლოეს პერიოდში აპირებს.

საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ტრეინინგები მდგრად განვითარებაზე, საბიუჯეტო დაგეგმარებასა და ასევე ფონდების მოძიებაზე.

“ვაპირებთ, მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით აისახოს ადგილობრივ ბიუჯეტში მოსახლეობის საჭიროებები და რეალურად დავეხმაროთ მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

აღნიშნული პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები, ეკომიგრანტები, ქალები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და თვითმმართველობები.