ჩუღურეთის რაიონის სამ მისამართზე სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

630

ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ სამ მისამართზე ქანობიანი სახურავების რეაბილიტაცია დაიწყო.

უწყების ცნობით,  სახურავების რეაბილიტაცია  ჯავახიშვილის ქ. N61-ში, ქვლივიძის ქ. N14-სა და ჭოროხის ქ. N4-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის მიხედვით მიმდინარეობს.

გამგეობის მიერ თანადაფინანსებულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ოკრიბა“ ასრულებს.

პროექტის ღირებულება 43 750 ლარია.

“ჩუღურეთის რაიონში ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, სხვადასხვა მიმართულებით კიდევ 15 პროექტის განხორციელება იგეგმება.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობა ამხანაგობებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს სრულად, 100%-ით დაუფინანსებს. თავად ამხანაგობა კი ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს”,- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.