რუსთავში ახლადაშენებული #10 საბავშვო ბაღი გაიხსნა

1636

რუსთავში ახლადაშენებული #10 საბავშვო ბაღი დღეს გაიხსნა. ცერემონიას ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და სხვა სტუმრებიც დაესწრნენ.

#10 საბავშვო ბაღის შენობა დაზიანებული და ავარიული იყო. ძველი ბაღის დემონტაჟის შემდეგ, იმავე ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების, ექვს სააღმზრდელო ჯგუფსა და 230 ბავშვზე გათვლილი ბაღი აშენდა.

პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა სავენტილაციო, ცენტრალური გათბობისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა სველი წერტილები, შემოიღობა და კეთილმოეწყო ბაღის ეზო.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 078 222 ლარი იყო, აქედან თანხის 13, 76 % მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.