უწერაში, უახლოეს 7 წელიწადში, სულ მცირე 5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება

1331

ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, უახლოესი 7 წლის განმავლობაში, სულ მცირე 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ამ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად გამოვლინდა, გამარჯვებული შპს „ბიჯი ინვესტმენტია”.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია იქნება ხუთი წელიწადში ჩადოს 3 000 000 დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ორი წლის განმავლობაში, დამატებით, 2 000 000 დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია. კომპანიას ასევე აქვს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება. ამასთან, ლიცენზიის გაცემიდან 5  წლის განმავლობაში მან არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი უნდა ააშენოს.

უწერის მინერალური წყლის საბადო რეგიონში ერთ-ერთი უნიკალური საბადოა, წყლის გენეზისისა და მისი ფორმირების თავისებურებებიდან გამომდინარე. მინერალური წყალი ფორმირდება „ბროლის მთის“ კრისტალურ ჰორიზონტებში, ასევე ,მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით, რაც ცხადია, საბადოს მატებს სამკურნალო თვისებებს. „უწერის“ და „ტერსინის“ ტიპის წყლების გამოყენება შესაძლებელია ჩამოსასხმელად, როგორც სასმელ-სამკურნალო – სუფრის წყალი, ხოლო დარასუნის ტიპის წყალი გამოიყენება ბალნეო-სამკურნალო მიზნებისათვის.