საპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპის ფარგლებში, დღეიდან თბილისში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვეითი პატრულის კორპუსი ამოქმედდა.
უწყების ცნობით, პატრულის თანამშრომლები ქვეითად განახორციელებენ პატრულირებას დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული.
“საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ლოკაციებზე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდება”,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ქვეით პატრულს გააჩნია თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.
აღსანიშნავუა, რომ ქვეითი პატრულ-ინსპექტორები დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას, კერძოდ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე.
პირველ ეტაპზე, პატრულირებას ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი განახორციელებს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე. ამასთან, ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას, რაც ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა საპოლიციო სერვისების უზრუნველყოფისა და ამ სერვისების განვითარებისათვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხული სეზონის გააქტიურების შესაბამისად, ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.