ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვაშლოვანში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, შენობის ინტერიერის კეთილმოწყობა დასრულების ფაზაშია და შემდეგ გარეფასადის მოპირკეთება დაიწყება.
როგორც მერიაში აღნიშნავენ, პროექტი გარდამავალია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
მშენებლობას ტენდერით გამოვლენილი ინდ. მეწარმე „ქებულ აბაშიძე“ ახორციელებს.
პროექტის ღირებულება 278 200 ლარს შეადგენს.
“საბავშვო ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და სამშენებლო სამუშაოებზე 8 ადგილობრივია დასაქმებული”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, კერძოდ, ბეღლეთსა და ბოძაურში. შედეგად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხულოს მუნიციპალიტეტში, ჯამში 23 თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს.