თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით – „ერთად შევქმნათ სპორტის პოლიტიკა”. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. მან თანამედროვე გამოწვევების შესახებ ისაუბრა, ასევე შეეხო სპორტისა და ხელოვნების როლზე ჯანსაღი თაობის აღზრდის პროცესში და ამ მხრივ, ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებს.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელზეც სამინისტრომ მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ემსახურება დარგში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, -ამბობენ კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე მუშაობა, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.