წყალტუბოს მერია ველოსიპედების შეძენას და გაქირავების სერვისის შექმნას გეგმავს

987

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში დაგეგმილ პროექტებზე იმსჯელეს.

უწყების ინფორმაციით, ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების ელექტრონული სარეკლამო მანათობელი ბილბორდი განთავსდება, რომელზეც წყალტუბოს შესახებ ვიდეორგოლები იტრიალებს. აგრეთვე, შეიქმნება მუნიციპალიტეტის ტურისტული გზამკვლევი.

ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე დაგეგმილია, ასევე, საველოსიპედე ბილიკებისა და პარკინგის ადგილების მოწყობა. როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტი შეიძენს ველოსიპედებს, რომლის მეშვეობითაც შექმნიან ველოსიპედების გაქირავების სერვისისს.

მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლების, ტურისტული პოტენციალის ეფექტური და მაქსიმალური გამოყენების მიზნით, წყალტუბოს მერია “იაფი” ავიაკომპანიის მონაცემთა ბაზის შექმნასაც გეგმავს.

პროექტის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ეს ის პროექტებია , რომელთა განხორციელების მიზნითაც, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2019-20 წლების ბიუჯეტში გარკვეული თანხა უნდა განისაზღვროს, პროექტების მოწონების შემთხვევაში, აქედან ერთ-ერთ პროექტს ევროკავშირი დააფინანსებს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 6 ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის არის საქართველო. საქართველოს მასშტაბით კი მასში 18 მუნიციპალიტეტია ჩართული.

პროექტის – “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ბიუჯეტი 5 მილიარდი ევროა. თანხა 6 ქვეყანაზე ნაწილდება. პროექტი 2017 წელს დაიწყო.