ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებვს.
სკეიტპარკი გათვლილი იქნება როგორც დამწყები და მოყვარული, ასევე, პროფესიონალი მოზარდებისა და დიდებისთვის.
ქუთაისის მერიამ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე სულ ახლახანს 15 მაისს გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
მერიის ცნობით, სამუშაოებისთვის 210 ათას ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
სკეიტბორდის მოედის საგრანტიო ვადა 4 წლით განისაზღვრა. ამ დროის განმავლობაში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს მისი ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების გამოსწორება.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი ტენდერი უკვე მეორედ (NAT180007510) გამოაცხადა. მერიამ სკეიტპარკის მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვა პირველად მიმდინარე წლის თებერვალში, 6 000 ლარზე გამოცხადა, თუმცა, მაშინ ტენდერით არავინ დაინტერესებულა.
ქუთაისელი ახალგაზრდები რამდენიმე წელია სკეიტ-პარკის მოწყობას ითხოვენ. მათ გასულ წელს საპროტესტო აქციაც გამართეს.
“ქუთაისში სკეიტპარკის მშენებლობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს და ტენდერი ჩაიშალა და პროექტი არ განხორციელდება სრული სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს. ქალაქში სკეიტპარკი აუცილებლად მოეწყობა და ყველაფერი კანონის დადგენილ ვადებში განხორციელდება”,- ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.