რომელი მუნიციპალიტეტები როგორ არეგულირებენ სასაფლაოების მოვლა-პატრონობას?

1025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებას, რომლის თანახმადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესია განსაზღვრული, საზოგადოების დიდი ინტერესი მოჰყვა. droa.ge-მ გადაწყვიტა, გაერკვია, კიდევ რომელ მუნიციპალიტეტებშია ამგვარი წესი დადგენილი და, ზოგადად, რეგულირდება თუ არა სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა რაიმე ნორმატიული აქტით.

“თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, სასაფლაოების მოწყობა და მოვლა-პატრონობა ადგილობრივი თვითმმართველობების საკუთარი უფლებამოსილებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან, დაადგინონ წესები, თუ როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალური სასაფლაოების ადმინისტრირება, მოწყობა და მოვლა-პატრონობა, რა ტარიფები მოქმედებს. დადგენილებით, ასევე, რეგულირდება საფლავზე მეორეული დაკრძალვის შემთხვევები და წესი, პანთეონში საზოგადო მოღვაწეთა დაკრძალვის წესი, აგრეთვე, ის, თუ რა შემთხვევაში ხდება სასაფლაოს დახურვა ან გაუქმება.

სწორედ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით” მინიჭებული უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტების საკრებულოები ვალდებული არიან, დაამტკიცონ “სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილება. დოკუმენტი სხვადასხვა დროს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებსაც აქვთ მიღებული. მათ ნაწილს მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი განსაზღვრული აქვს, ნაწილს კი – არა.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე ამ დროისთვის 20 დადგენილებაა გამოქვეყნებული, საიდანაც მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი განსაზღვრული აქვთ: ქალაქ თბილისის (2014 წელს), გარდაბნის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), სენაკის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), ქალაქ ფოთის (2014 წელს), წყალტუბოს მუნიციპალიტეტის (2014 წელს), აბაშის მუნიციპალიტეტის (2012 წელს), გორის მუნიციპალიტეტის (2017 წელს), ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ქალაქ ბათუმისა (2010 წელს) და ოზურგეთის (2013 წელს) მუნიციპალიტეტის საკრებულოებს.

“სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ” დადგენილებები, ასევე, მიღებული აქვთ ქალაქ რუსთავის (2015 წელს), ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (2016 წელს), ახალციხის მუნიციპალიტეტის (2016 წელს), მცხეთის მუნიციპალიტეტის (2012 წელს), ხობის მუნიციპალიტეტისა (2015 წელს) და ახმეტის მუნიციპალიტეტის (2012 წელს) საკრებულოებს, თუმცა, დადგენილებაში მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი განსაზღვრული არ არის.

ის საკრებულოები, რომლებსაც მიცვალებულების მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი აქვთ განსაზღვრული, აცხადებენ, რომ ეს განსაკუთრებული შემთხვევების, მაგალითად, კატასტროფის, ადამიანის გაყინვის და ა.შ. დროს გამოიყენება. გარდა ამისა, ასევე, არსებობენ რელიგიური კონფესიები, რომლებსაც დაკრძალვის განსხვავებული წესები აქვთ.

ჯამში, სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესი, 64 მუნიციპალიტეტიდან, დადგენილი მხოლოდ 16 მუნიციპალიტეტს აქვს. 48 მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული არ არის, შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ახორციელებენ ეს მუნიციპალიტეტები საკუთარ უფლებამოსილებას, თუ მათ არანაირი წესი დადგენილი არ აქვთ.