მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის სემინარი მიმდინარეობს

717

თბილისის საკრებულოში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ იმართება. სემინარის ორგანიზატორი საგარეო საქმეთა სამინისტროა.

მერებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ წარმატებასა და პერსპექტივებზე ისაუბრება. მინისტრმა ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებული როლზე გაამახვილა ყურადღება.

“ადგილობრივ თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროკავშირთან ინტეგრაციულ პროცესებში მოქალაქეების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფაში და ევროპულ ქვეყნებთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში”, -აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოსვლაში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განსაკუთრებულ მზად დინამიკაზე ისაუბრა. მან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ევროპულ ქალაქებს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.

“ძალიან მიხარია, რომ საზღვარგარეთ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების აქტიური მონაწილეობით, დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს 120-მდე თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ევროპის სხვადასხვა ქალაქთან. დაძმობილებული ქალაქები ხშირ შემთხვევაში ერთობლივ პროექტებს და კონკრეტულ ინიციატივებს ახორციელებენ, რაც ხელს უწყობს მხარეების არა მხოლოდ პოლიტიკურ დაახლოებას, არამედ სექტორულ თანამშრომლობას ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტის, სატრანსპორტო და საქალაქო ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის და სხვა დარგებში. ეს პროცესი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენი ქალაქები ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად ევროპულ ქალაქებად”, – განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ თბილისის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და „საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

ღონისძიება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში იმართება.