2018 წლის იანვარ-აპრილში ქუთაისის მერიის მიერ სხვადასხვა სამუშაოების შესყიდვისთვის 118 გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. “ნიუპრესის” ინფორმაციით, ხელშეკრულება 67 ტენდერზე გაფორმდა. მათგან უმეტეს ტენდერში მხოლოდ 1 ან 2 პრეტენდენტი მონაწილეობდა.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან 39 ტენდერი არ შედგა, რის გამოც მერიამ გამარტივებული ტენდერები განმეორებით გამოაცხადა.
მიმდინარე წელს, მერიის გადაწყვეტილებით, შეწყდა 8 ტენდერი, მათ შორის დროშის დგარის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი, უარყოფითი შედეგით დასრულდა 4 ტენდერი.
ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერების ჩავარდნის ტენდენციაზე საუბრობს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია. “ევროპული საქართველოს” წევრი მერაბ მეშველიანი ფაქტს მერიის არაკვალიფიციურობას უკავშირებს და აცხადებს, რომ არასწორი მენეჯმენტისა და არაკვალიფიციურიობოს გამო მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი პროექტები არ სრულდება, ან დროში ჭიანურდება, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
ოპონენტები მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ტენდერებში გათვალისწინებული მოთხოვნები არარეალისტურია, რის გამოც უნდა მოხდეს პირობების გაუმჯობესება.