წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტზე იწყებს მუშაობას.
„სამოქალაქო ბიუჯეტი – ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთვება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, წყალტუბოსათვის ეს არის ფაქტობრივად, ინოვაციური მიდგომა”, – თქვა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა.
წყალტუბოს საკრებულოს ცნობით, დარბაზი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დაფუძნდა, გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიულ და ასაკობრივ ჯგუფებს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. დარბაზი მუდმივად იმუშავებს წყალტუბოს განვითარების გეგმასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა და ლობირების მიმართულებით.