საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ გიგა კაცია დაინიშნა.
უწყების ცნობით, გიგა კაცია 2012-2017 წლებში თიბისი ბანკში კორპორატიული დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. მანამდე, ამავე ბანკში, გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო. 2009 წელს ვითიბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მთავარი ბანკირი იყო.
ასევე, გიგა კაცია სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა ბანკ რესპუბლიკაში.
მას დამთავრებული აქვს გერმანიაში შპარკასეს საბანკო სასწავლებელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ამ ეტაპზე ოთხი მოადგილე ჰყავს – პირველი მოადგილეა ირაკლი ქარსელაძე, რომელიც პარალელურად საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს. მოადგილეები არიან ილია ბეგიაშვილი, მზია გიორგობიანი და გიგა კაცია.